სპეფ-ის ორგანიზებით შეჯიბრების სერიის რიგით მეექვსე ტურნირი ჩატარდა
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის მე-6 შეჯიბრი, 12 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდა. ტურნირი ფედერაციის ყველა წევრ კლუბში, ისნის მუნიციპალურ კორტებზე, და პირველად - პადელ აილენდ ექსპოში ჩატარდა. 1 კვირის განმავლობაში შეჯიბრი პარალელურად თბილისის ხუთ წერტილში მიმდინარეობდა.
წინა ტურნირის მსგავსად რეგისტრაცია 144 კაცებისა და 64 ქალების გუნდებზე გაიხსნა, რის შედეგადაც შეჯიბრში მონაწილეობა კაცების 110-მა, ხოლო ქალების 10-მა გუნდმა მიიღო. როგორც ქალებში, ასევე კაცებში, მაღალი რეიტინგის მქონე განთესილი მოთამაშეები ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მეთექვსმეტედ ფინალებში, ჩაერთნენ. ტურნირის ახალი ფორმატის ფარგლებში წყვილები მეტად დაბალანსებული, ხოლო საშეჯიბრო გარემო მეტად კონკურენტუნარიანი იყო.
ქალების ფინალურ მატჩში მონიკა სითათაშვილისა და ქეთო ბენიძის წყვილი ნანო ჯანელიძისა და ხატია გოგალაძის წყვილს დაუპირისპირდნენ, შედეგად მე-6 ტურის გამარჯვებული მონიკასა და ქეთოს წყვილი გახდა.
კაცების ფინალურ მატჩში კი ნიკოლოზ დავლიანიძემ და ალექსანდრე დავლიანიძემ ლაშა-გიორგი კიკვიძე და ალექსანდრე თავხელიძე დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ჩატარებული ტურნირის შედეგების საფუძველზე, ოფიციალური რეიტინგი განახლდა და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერაცია 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების ექვსი ტური ჩაატარა და ახლა შემჯამებელი ღონისძიების ჩატარებისათვის ემზადება. შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობას რეიტინგში მყოფი პირველი 64 კაცი და 32 ქალი მოთამაშე მიიღებს. შემაჯამებელი ღონისძიება 15 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.