სპეფ-ის ორგანიზებით შეჯიბრების სერიის რიგით მეხუთე ტურნირი ჩატარდა
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის მე-5 შეჯიბრი, 29 ივლისს დაიწყო და 4 აგვისტომდე გაგრძელდა. ტურნირი ფედერაციის ყველა წევრ კლუბში და პირველად, ისნის მუნიციპალურ კორტებზე, ჩატარდა. 1 კვირის განმავლობაში შეჯიბრი პარალელურად თბილისის ხუთ წერტილში მიმდინარეობდა.
წინა ტურნირებისგან განსხვავებით რეგისტრაცია 144 კაცებისა და 64 ქალების გუნდებზე გაიხსნა, რის შედეგადაც შეჯიბრში მონაწილეობა კაცების 86-მა, ხოლო ქალების 12-მა გუნდმა მიიღო. როგორც ქალებში, ასევე კაცებში, მაღალი რეიტინგის მქონე განთესილი მოთამაშეები ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მეთექვსმეტედ ფინალებში, ჩაერთნენ. ტურნირის ახალი ფორმატის ფარგლებში წყვილები მეტად დაბალანსებული, ხოლო საშეჯიბრო გარემო მეტად კონკურენტუნარიანი იყო.
ქალების ფინალურ მატჩში კვლავ მონო სითათაშვილი და ლიზა წოწორია გავიდნენ, თუმცა ამჯერად მარიამ კუპრეიშვილისა და ქეთო ბენიძის წყვილს შეხვდნენ, რომლებმაც 2 სეტში გაიმარჯვეს და პირველად ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
კაცების ფინალურ მატჩში კი ნიკოლოზ დავლიანიძემ და თემურ ხუროძემ ანდრია ანთაძე და რევაზ მათითაშვილი 3 სეტში დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თემურ ხუროძე 14 წლისაა და მან უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა სპეფ-ის ოფიციალურ ტურნირში. ასევე აღსანიშნავია, რომ თემურ ხუროძის გარდა, შეჯიბრში მონაწილეობდა კიდევ ერთი 13 და 14 წლის მოზარდების წყვილი, რომლებმაც პირველ თამაშში გაიმარჯვეს, თუმცა მეთექვსმეტედ ფინალში ჭელიძე ზუხბაიას წყვილთან დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ახალგაზრდა მოთამაშეების წახალისების მიზნით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დებულების მიხედვით, სპეფ-ის ტურნირებში მონაწილეობა 13-16 წლის მაქსიმუმ ოთხ მოთამაშეს შეუძლია.
ჩატარებული ტურნირის შედეგების საფუძველზე, ოფიციალური რეიტინგი განახლდა და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერაცია 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების კიდევ 1 ტურს გეგმავს. მომდევნო ტურნირი სექტემბერში გაიმართება იგივე ფორმატით, რაც მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდისა და ყველა წევრი კლუბისა, თუ არსებული კორტების ჩართვის საშუალებას მოგვცემს.